სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

14 აპრილს ვაკის საკალათბურთო აკადემიაში 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა, სადაც საკალათბურთო კლუბ "ოლიმპის" სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

"ოლიმპიური ცენტრის" დაქვემდებარებული გუნდი მე-3 ადგილისთვის „ჰიუნდაის“ დაუპირისპირდა. მატჩი უაღრესად დაძაბული აღმოჩნდა, თუმცა „ოლიმპმა“ გამარჯვება მოახერხა და შეხვედრა ანგარიშით - 68:67 დაასრულა.

„ოლიმპი“ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში მცირე უპირატესობას ფლობდა, დასკვნითი მეოთხედის გადამწყვეტ წუთებში კი "ჰიუნდაის" გუნდმა ზედიზედ ორი 3-ქულიანი ჩააგდო. სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა13 წამით ადრე  კახა გიორგაძემ შეძლო (64:65),  ხოლო ორი წამით ადრე ლუკა ზაქრაძის  შორეული ტყორცნით ანგარიში გათანაბრდა - 67:67.

დარჩენილ დროში "ჰიუნდაის" მოთამაშე ლუკა ბულიავა დაჯარიმდა, ირაკლი მიქელაძემ ერთი საჯარიმო ზუსტად გამოიყენა, მეორე ააცილა და მატჩი "ოლიმპის" სასარგებლოდ დასრულდა.

შეხვედრაში 23 ქულით ილიდერა "ჰიუნდაის" მოთამაშე ალექსანდრე ბოლქვაძემ,  „ოლიმპის“ რიგებში 17 ქულით და 9 მოხსნით ბექა ნადირაძე გამოირჩეოდა, გეგი ბაქრაძემ კი ორმაგი დუბლი მიითვალა - 10 ქულა და 12 მოხსნა.

ზაზა ცაგარეიშვილის გუნდი ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ დააჯილდოვა.

"ოლიმპის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ თამაში დრამატული იყო და “ჰიუნდაიმ“ ძალიან კარგი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, რაც თამაშის ბოლოს დამტკიცდა. - "მიხარია, რომ ასეთ მატჩში ჩემმა გუნდმა შეძლო ღირსეული გამარჯვება. თამაშის ხარისხიც  კარგი იყო და  იყო და შესაბამისად, მატჩიც სანახაობრივი გამოვიდა."

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მოთამაშე გეგი ბაქრაძემაც: "ჩემთვის, როგორც მოთამაშისთვის, ნამდვილად ნაყოფიერი და წარმატებული სეზონი იყო. შედეგით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ მეტიც შეგვეძლო. რაც შეეხება თამაშს, ორივე გუნდმა ბევრი შეცდომა დავუშვით და მოხარული ვარ, რომ ბოლოს ჩვენ გავიმართლა."

<< დაბრუნება 2014-05-08