სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
უშანგი მარგიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

უშანგი მარგიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის გათამაშების მეორე დღეს უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა (81 კგ) ბერძენ რომან მოუსტოპოულოსს სუფთად მოუგო და მეოთხედფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილს შეხვდა, რომელთანაც გაფრთხილებებით დამარცხდა. ბრინჯაოს მედალოსანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევთან გამართა და თავის მეტოქეს იუკოთი აჯობა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზებედა რეხვიაშვილმაც (73 კგ). მან  გადამწყვეტი შეხვედრა საემიროების წარმომადგენელ ვიქტორ სკვორცოვთან გამართა და 2 ვაზარით მოუგო.

ჩემპიონები ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალი კი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოიპოვა.

ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) ფინალში ბადის მეორე მხრიდან გავიდა. თურქმენი კასიმ პოპულოვი იოლად დაჩაგრა, თანაგუნდელი ზებედა რეხვიაშვილი სუფთა გდებით დაჯაბნა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუს მუსა მოგუშკოვს გაფრთხილებებით აჯობა.

წონის ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა. ჯერ სომეხ რაფაელ დავთიანს აჯობა, მერე თანაგუნდელ უშანგი მარგიანს. ნახევარფინალში კი ირანელ ამირ-ნეჯად ღასემი დააიპონა და ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ ტრევის სტივენსს სუფთა გდებით მოუგო და ოქროს მედალიც მიიღო.

73 კილოგრამში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა უნგრელი მიკლოშ უნგვარი, რომელსაც ლონდონის ოლიმპიადის ფინალში აჯობა ამჯერადაც დაამარცხა. სპორტსმენმა მთელი შეხვედრა დამაჯერებლად წარმართა და მეტოქეს გაფრთხილებებით მოუგო. შავდათუაშვილის მომდევნო მეტოქე უკრაინელი სერჰეი დრაბოტი იყო, ვინც ვაზარით დაჩაგრა და ნახევარფინალში საემიროების წარმომადგენელს ვიქტორ სკვორცოვს შეხვდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებით დროში კი შავდათუაშვილმა იუკოთი გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფალავანს ნუგზარ ტატალაშვილს დაეჭიდა და ვაზარით დამარცხდა.

22 მარტს საუკეთესოები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ჩემპიონობისთვის ვაჟთა შორის 73 და 81 კილოგრამში გამომსვლელმა ძიუდოისტებმა, ხოლო ქალებში 63 და 70-კგ მონაწილეებმა იჭიდავეს.

ორი საშეჯიბრო დღის დასრულების შემდეგ „ოლიმპიური ცენტრის“ აღზრდილმა ძიუდოისტებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, საქარველოს ნაკრებს კი მთლიანობაში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს.

23 მარტს ტურნირის დასკვნით დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟებში - 90, 100 და მძიმე წონით კატეგორიაში, ქალებში კი 78 და +78 წონით კატეგორიაში გამოვლინდება.

 

თბილისის ძიუდოს გრან პრი

სპორტის სასახლე. 21-23 მარტი

 

ვაჟები

73 კგ

1. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3. მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

3. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

 

81 კგ

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2. ტრევის სტივენსი (ამერიკა)

3. უშანგი მარგიანი (საქართველო)

3. ასაფ კოენი (ისრაელი)

 

ქალები

63 კგ

1. ედვი გვენდი (იტალია)

2. იარდენ გებრი (ისრაელი)

3. პარი სურაკატოვა (რუსეთი)

3. ნინა მილოშევიჩი (სლოვენია)

 

70 კგ

1. ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

2. ეკატერინა დენისენკოვა (რუსეთი)

3. ირინა გასიევა (რუსეთი)

3. ლიორ ვილდიკანი (ისრაელი)

<< დაბრუნება 2014-03-22