სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველმა ძიუდოისტებმა ჰავანის გრან პრიზე 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა ჰავანის გრან პრიზე 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კუბაში, ჰავანის გრან პრიზე 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს იყო პირველი შეჯიბრება, რომელზეც რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ქულების დარიცხვა დაიწყო.

ჩემპიონები გახდნენ ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვალერი ლიპარტელიანი (90 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ. საგულისხმოა, რომ მთავარმა მწვრთნელმა კუბაში საერთოდ არ წაიყვანა 66 და 100 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები.

ამირან პაპინაშვილმა ფინალში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე დაამარცხა, მანამდე კი სამი მეტოქე ჩამოიშორა. ამდენივე მოწინააღმდეგეს სძლია ავთანდილ ჭრიკიშვილმა, რომელმაც ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ამერიკელ ტრევის სტევენსს აჯობა. ასევე ოთხი შეხვედრის მოგება დასჭირდა ვალერი ლიპარტელიანსაც, რომელმაც ფინალში ტიაგო კამილო დაამარცხა, ნახევარფინალში კი ახალგაზრდა თანაგუნდელი ბექა ღვინიაშვილი.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც რამდენიმე თვეა ახალ წონაში ასპარეზობს - 73 კგ - ჰავანაში ერთადერთი პაექრობა მოიგო, პუერტორიკოელი აუგუსტო მირანდა დასცა, მომდევნო შეხვედრაში კი ბრაზილიელ ფაბიო კონტინისთან დამარცხდა.

უშანგი მარგიანს (81 კგ) პოდიუმამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში მექსიკელ გერმან აიალასა და დომინიკის რესპუბლიკელ მარკო ფიგერეოს სძლია. მეოთხედფინალში ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერთან იუკოთი დამარცხდა და “ბრინჯაოს ნახევარფინალში” გადაერთო, სადაც კუბელ რეიდელ მარენს სამ წუთში მოუგო. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კი ვალუა-ფორტიესთან წაგებით დაკარგა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს 2 წარმომადგენელი ჰყავდა მძიმე წონაში (+100 კგ), მედლის მოპოვება ვერც ადამ ოქრუაშვილმა მოახერხა და ვერც ლევან მატიაშვილმა. ორივე მათგანი ბრიტანელ კრისტოფერ შერინგტონთან დამარცხა: ოქრუაშვილი 1/4-ფინალში, მატიაშვილი კი 1/2-ფინალში.

<< დაბრუნება 2014-06-09