სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მოჭიდავეთა შედეგები შეაფასა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მოჭიდავეთა შედეგები შეაფასა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდაევთა ნაკრებებს შეხვდა. მინისტრმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან ერთად მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული ევროპის ჩემპიონატის შედეგები შეაჯამა და სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. პრესკონფერენციას ორივე სტილით მოჭიდავე სპორტსმენები სრული შემადგენლობით დაესწრნენ.

ლევან ყიფიანმა მოჭიდავეებსა და მათ მწვრთნელებს წარმატებული გამოსვლები მიულოცა და სპორტსმენებს მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე გულშემატკივართა კიდევ უფრო მეტად გახარება უსურვა. მინისტრმა მოჭიდავეებს თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად სამომავლოდაც მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

შემპიონატის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლიკა კურტანიძემ და აღნიშნა, რომ შეჯიბრების საორგანიზაციო მხარით ყველა აღფრთოვანებული დარჩა - “სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა, ევროპის ჩემპიონატები როგორც ეროვნულ, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს შორის ჩატარდა და დროა ჩვენი მოჭიდავეების ნაჩვენები შედეგები შევაჯამოთ. ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების ევროპულ მონაგარი, 2 ოქროს, 3 ვერცხლიას და 10 ბრინჯაოს მედალს შეადგენს. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი შედეგიანობაა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა თვალნათლივ, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის. ეს კი ჩვენი ჭიდაობის წარმატებული მომავლის იმედსაც აჩენს. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და იმედია შედეგიანობა ხარისხობრივად გაიზრდება. რაოდენობრივად ყველაფერი რიგზეა. მადლობა მინდა გადავუხადო სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ყველას, ვისაც ამ მედლების მოპოვებაში წვლილი მიუძღვით. მადლობა სპორტის სამინისტროს, რადგან მისი მხრიდან მხარში დგომას მუდმივად ვგრძნობთ."

სპორტის მინისტრმა ნაკრებების წევრებსა და მწვრთნელებს იმ საკითხებზე ჩაღრმავება სთხოვა, რომლებიც სამომავლოდ გამოსასწორებელია. მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელებმა ყურადღება საერთაშორისო ტურნირებისა და მოსამზადებელი შეკრებების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე გაამახვილეს.

ფედერაციის პრეზიდენტმა სატურნირო გამოცდილების ზრდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზად ჭიდაობის ახალი პროექტი დაასახელა. ფედერაცია საკლუბო სისტემის დასანერგად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და სიახლე სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება, რაც შიდა კონკურენციის გარდა, სპორტსმენებისა მწვრთნელების მატერიალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. ახალი პროექტს მოჭიდავეები სპორტის სამინისტროს სავარაუდოდ წლის ბოლოს წარუდგენენ.

შეგახსენებთ, რომ 2-7ივლისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ახალგაზრდული პირველობა ჩატარდა, სადაც ქართველმა ფალავნებმა ჯამში 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონი იაკობ ქაჯაია (120 კგ) გახდა, ვერცხლი ირაკლი შავაძემ (50 კგ) დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაოები რობერტ ქობლიაშვილმა (84 კგ), ლაშა გობაძემ (74 კგ) და კუკური კირცხალიამ (96 კგ) მოიპოვეს. თავისუფლებიდან ჩემპიონი გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (120 კგ) გახდა, მესამე საპრიზო ადგილებზე კი ხაშურელი დავით ბუზიაშვილი (66 კგ) და თბილისელი ლაშა გიგაშვილი (74 კგ) გავიდნენ.

17-25 ივნისს მონტენეგროში, ქალაქ ბარში დასრულებულ ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე საქართველოს ბერძენ-რომაულმა ნაკრებმა 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო მოიპოვა. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები გიორგი კურტანიძე (54 კგ) და ლევან ქავჟარაძე (58 კგ) გახდნენ, თემურ შავაძე (46 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ. თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა ნაკრები 3 ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. კვარცხლბეკზე ალექსანდრე კილაძე (42 კგ), შმაგი თოდუა (46 კგ) და რამაზ ზოიძე (58 კგ) ავიდნენ.

<< დაბრუნება 2013-07-11