სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ცენტრის აღზრდილმა მოჭიდავეებმა საქართველოს ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს

ცენტრის აღზრდილმა მოჭიდავეებმა საქართველოს ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა, ხოლო გიზო მელაძემ (55 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.

ახალგაზრდა მოჭიდავეები ცენტრის გამოცდილმა მწვრთნელმა ვაჟა კრავეიშვილმა მოამზადა.

შმაგი ბოლქვაძე პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ისე ავიდა, ერთი ქულაც არ დაუკარგავს. საჩემპიონო გზას მონღოლი ნოროვსურენ ამარსაიხანის ადვილად ძლევით (13:0) შეუყვა.

ჩინელი ვუიუნგ ვუიუნგიც უპრობლემოდ ჩამოიშორა (6:0), თურქ ჩენგიზ არსლანსა (1:0) და უნგრელ ზოლტან ლევაის (1:0) დაძაბულ ბრძოლებში აჯობა. ფინალში კი აზერბაიჯანელ რუჰინ მიკაილოვს სძლია (3:0). პირველ პერიოდში შესრულებულ ორქულიან ილეთს ბოლქვაძემ შესვენების შემდეგ ერთი ქულა მეტოქის გაფრთხილებით მიამატა.

გიზო მელაძემ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი მეოთხედფინალში, საფინალო სირენამდე ერთი წამით ადრე დაკარგა. ახალგაზრდული ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ყირგიზ რუსტამ ტეიშოვთან შეხვედრის მიწურულს დაკარგა ქულა, რომლის წყალობითაც მელაძის მეტოქემ ანგარიში 6:6 გახადა და სწორედ ბოლო ქულის უპირატესობის ხარჯზე მოიპოვა ნახევარფინალის საგზური.

ამ ბრძოლამდე ქართველმა მსუბუქწონოსანმა უნგრელი ბენს კოვაშის ოთხ წუთში დამარცხება (9:0) მოასწრო, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსტამ ტეიშოვი ფინალში გავიდა, თავად რეპეშაჟში გადაერთო და პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლა ორი ბრწყინვალე გამარჯვებით გაინაღდა - რუმინელ ადრიან დუმიტრუსა და მოლდოველ იონ ლეფტერს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა: შმაგი ბოლქვაძისა (66 კგ) და გიზო მელაძის (55 კგ) გარდა ბრინჯაოს მედლებს გელა ბოლქვაძე (74 კგ) და ლაშა გობაძე (84 კგ) დაეუფლნენ.

პოდიუმს მიღმა მხოლოდ ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი მოჭიდავე ბექა კანდელაკი (120 კგ) დარჩა, რომელსაც მიზნამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.

ძირითად ბადეში მან ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა - ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და მომავალ ფინალისტთან, ლიტველ მანტას კნისტაუტასთან 7:11 დამარცხდა. კანდელაკმა პირველი სამწუთეული 7:5 მოიგო, მაგრამ მეორეში ძალიან დაიღალა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი მძიმეწონოსანი სლოვაკ ტამას სოსს ორწუთნახევარში გაუსწორდა (8:0). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც მშვენივრად დაიწყო - თურქ ოსმან ილდირიმს ჩოქბჯენიდან ხუთი ქულა აუღო, ორიც დაკარგა. პერიოდის მიწურულს კი თურქმა ოთხქულიანი გდება შეასრულა და ილეთი სუფთა გამარჯვებით დააგვირგვინა.

ქართველმა მწვრთნელებმა გდების ეპიზოდი გააპროტესტეს, რადგან ილდირიმმა ილეთისას ფეხი გამოიყენა. სამსაჯო მაგიდამ პროტესტი განიხილა, მაგრამ არ დააკმაყოფილა და შედეგად, ბექა კანდელაკი მეხუთე ადგილს დასჯერდა.

<< დაბრუნება 2014-08-08