სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" გუშინ გახსნილად გამოაცხადა. 
 
საზეიმო ცერემონია არგონავტების მითის მიხედვით დაიდგა. მედეას როლი პრიმაბალერინა ირმა ნიორაძემ შეასრულა, მას კი პარტნიორობა იასონის როლში, სუხიშვილების მოცეკვავემ მერაბ ჭელიძემ გაუწია.
 
ორსაათიანი წარმოდგენა ცეცხლის ანთების ლამაზი სცენით დასრულდა: ოლიმპიური ცეცხლი სტადიონზე საჰაერო ბურთით აკრობატმა გოგონამ შემოიტანა, რომელმაც ცეცხლი ყოფილ ფეხბურთელ გელა კეტაშვილს გადასცა. სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში გელა კეტაშვილის გარდა მონაწილეობა პარაოლიმპიელმა თემურ დადიანმა და ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ მიიღეს, ხოლო მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა აანთო.
 
 
 
ცერემონიალის მიწურულს სტუმრებს ოფიციალური სიტყვით მიმართა თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა:
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, სპორტსმენებო, მოხალისეებო!
ბატონო პატრიკ, უპირველესად დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით მოგვეცა საშუალება, უფლება და პატივი თბილისს ემასპინძლა ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის!
რამდენიმე წუთში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩვენს საყვარელ ქალაქ თბილისში ოფიციალურად აიღებს სტარტს!
ჩვენი დედაქალაქი პირველად მასპინძლობს ამ მასშტაბის მოვლენას. ეს ჩვენი ქვენის დიდი სპორტული დღესასწაულია!
პირველად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში, სწორედ თბილისი მასპინძლობს 5-დღიანი თამაშების ნაცვლად 6-დღიანს!
ძალიან ვღელავ და დიდ სიხარულთან ერთად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ!
საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან ბევრი იშრომა და ამაყები ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით - ოცნება ვაქციეთ რეალობად!
ჩვენ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ! 11 სპორტული არენიდან 7 სწორედ ამ ფესტივალისთვის აშენდა, ოლიმპიური სოფელი კი სწორედ თქვენთვის აშენდა, ძვირფასო სპორტსმენებო!
თქვენ გამორჩეულები ხართ! თქვენმა სიყვარულმა და თავდადებამ სპორტის მიმართ განაპირობა ის, რომ თქვენ აქ ხართ! ეს თქვენი ზეიმია! თქვენი მონაწილეობა უკვე ისტორიაა მომავალი თაობებისთვის, ხოლო თქვენთვის კი დიდი ნაბიჯია მომავლისაკენ!
მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ ლერი ხაბელოვს, თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს მხარდაჭერისთვის და თბილისი 2015-ის საორგანიზაციო გუნდს - დაუღალავი შრომისთვის!
განსაკუთრებული მადლობა მოხალისეებს - უანგარო თავდადებისთვის!
დღეს მთელი საქართველო ზეიმობს ამ დიდ სპორტულ დღესასწაულს!
ეს ისტორიული მოვლენაა!
თითოეული ჩვენგანი სწორედ იმ ისტორიის ნაწილია, რომელიც ახლა, სწორედ აქ, ჩვენს თვალწინ იწერება!"
 
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა კი განაცხადა, რომ ამ დღეებში ევროპის ახალგაზრდობა გაანათებს თბილისს და თამაშების შემდეგ თბილისს ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა დარჩება. "ეს თამაშები საქართველოს სპორტის მდგრადი განვითარების პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტიც, სტიქიის შემდეგ, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს თბილისს. სპორტი იმედისმომცემია ნებისმიერ რთულ ვითარებაში და ევროპის მთელი ოლიმპიური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას", -განაცხადა პატრიკ ჰიკმა.
 
ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, 50 ქვეყნის 3500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს.
<< დაბრუნება 2015-07-27