სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელად ბორის ფირცხელიანი დაინიშნა

ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელად ბორის ფირცხელიანი დაინიშნა

3 აპრილს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სსიპ-საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ბორია ფირცხელიანი წარადგინა.

სსიპ-ის ახლადდანიშნული დირექტორი ოლიმპიურ ცენტრს მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან, შალვა გოგოლაძესთან და მუხრან შამათავასთან ერთად ეწვია და თანამშრომლებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული როლი ენიჭება წარმატებული სპორტსმენების ჩამოყალიბების პროცესში. მიხეილ გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელის პირობებში ცენტრის მუშაობა უფრო წარმატებული იქნება. თანამშრომლებს მიმართა ბორის ფირცხელიანმა, რომ უახლოეს დღეებში სრულად გაეცნობა ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, რის შემდეგაც აქტიურად შეუდგება საქმიანობას.

ბორია ფირცხელიანი აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის 1 აპრილს დაინიშნა. მანამდე კი ოლიმპიურ ცენტრის დირექტორის პოსტს გიორგი ასათიანი იკავებდა.

ბორია ფირცხელიანს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურისა და სპორტის უნივერსიტეტი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციაში და იყო ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ცენტრში 10-15 წლამდე ახალგაზრდებისთვის გახსნილია ჭიდაობის, ძიუდოს, კრივის, ძალოსნობის, მძლეოსნობისა და ფეხბურთის უფასო სექციები, ასევე ცხოვრობს და ვარჯიშობს 150 სპორტსმენი, რომლებიც მაღალი ხარისხის სამჯერადი კვებითა და საცხოვრებელი პირობებით სარგებლობენ. მათ განკარგულებაშია საერთაშორისო დონის ჭიდაობისა და ძიუდოს არენა, ძალოსნობის დარბაზი და ფეხბურთის მოედნები.

<< დაბრუნება 2018-04-03