სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება გამართა, სლოგანით „იცხოვრე სპორტით".
აქციის ფარგლებში კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმარა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრები, მოეწყო საბავშვო კუთხე და საგამოფენო სივრცე.
კუს ტბაზე მისულ თითოეულ სტუმარს საშუალება ჰქონდა თავად მიეღო მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ თამაშებში - სტრიტბოლი (ქუჩის კალათბურთი), გრეხეტბოლი (სახალისო ქუჩის ფეხბურთი), მეკლდეურობა, ქვიშის ფრენბურთი, კანოე, ხრიდოლი, ქართული ჭიდაობა, კარატე, მკლავჭიდი, ჭადრაკი.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლებს შორის საფეხბურთო შეჯიბრების ფინალური მატჩი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი“ და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ დაუპირისპირდნენ.
გადამწყვეტი შეხვედრა „ოლიმპიური ცენტრის“ სასარგებლოდ 6:1 დასრულდა. შეჯიბრის გამარჯვებულებს სიმბოლურად სპეციალურად დამზადებული თასი გადაეცათ.
ფინალურ მატჩს მოწინააღმდეგე გუნდების გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია დაესწრნენ.
<< დაბრუნება | 2014-04-07 |