სპორტული პროფილის სკოლა-ინტერნატი საქართველოში პირველად 1958 წელს შეიქმნა და ეს მოვლენა ქართული სპორტის თვალსაჩინო მოღვაწის, გიორგი მერკვილაძის სახელთანაა დაკავშირებული. სპორტული სკოლა-ინტერნატი პირველი იყო არა მარტო საქართველოში, არამედ ყოფილ საბჭოთა კავშირშიც
სპორტულ სკოლა-ინტერნატში ფუნქციონირებდა ძიუდოს, ბ/რ და თავისუფალი ჭიდაობის, ფარიკაობის, ფეხბურთის, ცურვის, ნიჩბოსნობის, ტანვარჯიშის სახეობები და აქ მოღვაწეობდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები: ვლადიმერ მაისურაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბორის ტარხანოვი (მძლეოსნობა), ნიაზ ძიაპშპა, თენგიზ კუბლაშვილი (ფეხბურთი), ყარამან საბანაშვილი (მძლეოსნობა).
გასული წლების განმავლობაში სკოლა-ინტერნატს სახელი და ადგილმდებარეობა რამდენჯერმე შეეცვალა. 2005 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის #851 ბრძანებით სკოლა ინტერნატის ბაზაზე შეიქმნა "სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების ეროვნული ცენტრი".
ამჟამად ცენტრში ფუნქციონირებს სპორტის შემდეგი სახეობები: თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, მძლეოსნობა და კრივი, რომლებსაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები ემსახურებიან: ჯონი ლორია, თამაზ ბენდიანიშვილი, შურა მაისურაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ვაჟა ბალხამიშვილი, მალხაზ შეშაბერიძე, დავით შეშაბერიძე (ძიუდო), ვაჟა კრავეიშვილი, ვაჟა თინიკაშვილი, კობა კიკაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რეზო კობიაშვილი (მძლეოსნობა), ზურა ანთაური (ძალოსნობა) და რამაზ ნიკოლაძე (კრივი).
არსებობის განმავლობაში სასწავლებელმა და შემდგომში ცენტრმა არაერთი საქვეყნოდ აღიარებული სპორტსმენი აღზარდა:
ბერძნულ რომაულ ჭიდაობა: მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, მირიან გიორგაძე, ზაურ ივანიშვილი, ჯემალ ბაკურიძე, თემურ ლეჟავა, მალხაზ ლეჟავა, სოსო ბერიშვილი, რაინდი აბრამიშვილი, დავით ბედინაძე, სოსო ჯაბიძე, მანუჩარ ცხადაია, გურამ ფერსელიძე,
თავისუფალი ჭიდაობა: ზაზა თურმანიძე, ლევან ებანოიძე, ზაზა ტყეშელაშვილი, ავთანდილ გოგოლიშვილი, დავით მარსაგიშვილი, დავით ხუციშვილი;
ფარიკაობა: ვლადიმერ აფციაური;
ფეხბურთი: შოთა ხინჩაგაშვილი, გიორგი თავაძე, კარლო მჭედლიძე, თემურ ქეცბაია, ვახტანგ კოპალეიშვილი, გრიგოლ ცაავა, გია გურული;
ტანვარჯიში: ვლადიმერ გოგოლაძე;
მძლეოსნობა: მაია აზარაშვილი;
ველოსპორტი: ომარ ფხაკაძე
2006-2012 წლებში ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა: დავითი ბედინაძემ, მანუჩარ ცხადაიამ, სოსო ჯაბიძემ, გურამ ფრსელიძემ, დავით მარსაგიშვილილმა და დავით ხუციშვილმა მსოფლიო და ევროპის მასშტაბით მაღალ შედეგებს მიაღწიეს.
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ძირითად მიზანს, სპორტის სახეობების ეროვნულ ფედერაციებთან ერთად, განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა და ცენტრში მოზიდვა წარმოადგენს, საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდობის წევრობის კანდიდატების მომზადების მიზნით.
ცენტრის შექმნიდან დღემდე სპორტსმენებისთვის თანამედროვე საერთაშორისო დონის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის გასაუმჯობესებლად მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება. ამჟამად ცენტრში სპორტსმენების განკარგულებაში არის: საჭიდაო დარბაზი, ფეხბურთისა და სხვა სათამაშო მოედნები, კეთილმოწყობილი საძინებელი, სასადილო კორპუსები და სხვა დამხმარე ნაგებობანი.
ცენტრის დაქვემდებარებაში აგრეთვე იმყოფბოდა საკალათბურთო კლუბი "ოლიმპი", რომელმაც 2012 წლის სეზონის შეჯიბრებებში მეორე ადგილი დაიკავა და წლის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა. საავტომობილო კლუბი "F მოტორსი", რომელიც წარმატებით ასპარეზობს საქართველოს საავტომობილო კლუბებს შორის, წყალბურთის კლუბი "ლიგამოსი" რომელიც დაკომპლექტებულია წარმატებული სპორტსმენებით.
ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი აგრეთვე იღებს სრულ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს კომუნალური მომსახურებით ფალავანთა კლუბსა და სამბოს დარბაზს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ჭიდაობის ნაკრები გუნდის სრულყოფილ ვარჯიშს.
ცენტრის ბაზაზე, ლილოს დასახლებაში, ეწყობა ძიუდოს დარბაზი, რათა ხელი შეეწყოს სპორტის ამ სახეობის განვითარებას საქართველოში.