სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ნიკა ნანაძე ყაზახურ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

ნიკა ნანაძე ყაზახურ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

ქალაქ ალმათიში 4-16 ნოემბერს ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე 6-კაციანი შემადგენლობით გამოვა.

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყეს. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით ეროვნული გუნდის 12 კანდიდატი შეარჩია და დუშეთის სპორტულ ბაზაზე ორი 24-დღიანი შეკრება მოუწყო. მეორე შეკრების ბოლოს კი ალმატში წამსვლელთა ექვსეული დაასახელა.

“ნაკრების ოთხი წევრის ვინაობა საქართველოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე გაირკვა. გიორგი ლომთაძეს (77 კგ), გია მაჭავარიანს (105 კგ), ირაკლი თურმანიძესა (+105 კგ) და ალბერტ კუზილოვს (+105 კგ) საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ და მათ რეალურ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ. დუშეთის საწვრთნელ პროცესში კი ამ ოთხეულს ორი პერსპექტიული ახალგაზრდა ძალოსანი რამინ შამილაშვილი (62 კგ) და ნიკა ნანაძე (94 კგ) დავამატეთ”- განაცხადა გიორგი ასანიძემ.

სალიცენზიო მარათონში ჩართვა თითოეული ქვეყნის ნაკრებს მაქსიმუმ 6 სპორტსმენით შეუძლია. გიორგი ასანიძის თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, მედლებისთვის ვერ იბრძოლებს და მთავარი ამოცანა ექვსივე სპორტსმენის სტაბილურად მაღალ დონეზე გამოსვლა და რაც შეიძლება მეტი სალიცენზიო ქულის აღება იქნება. მთავარი წარმატების იმედი კი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატზე აქვს.

ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი 2014 და 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების საერთო შედეგით რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მინიმუმ სამი ლიცენზიის მოპოვებასა და მედლსთვის ბრძოლას გეგმავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

რამინ შამილაშვილი (62 კგ)

გიორგი ლომთაძე (77 კგ)

ნიკა ნანაძე (94 კგ)

გია მაჭავარიანი (105 კგ)

ირაკლი თურმანიძე და ალბერტ კუზილოვი (+105 კგ)

 

წყარო: worldsport.ge

<< დაბრუნება 2014-11-08