სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ალმათი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს

ალმათი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნებს შორის დაიწყო.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე 6-კაციანი შემადგენლობით გამოდის. ყაზახურ ჩემპიონატში მონაწილეობას რამინ შამილაშვილი (62 კგ), გიორგი ლომთაძე (77 კგ), გია მაჭავარიანი (105 კგ), ირაკლი თურმანიძე (+105 კგ), ალბერტ კუზილოვი (+105 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი ნიკა ნანაძე (94 კგ) იღებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატში პირველი ქართველი ძალოსანი რამინ შამილაშვილი ჩაება. მან 62 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და მე-20 ადგილი დაიკავა.

დებიუტანტმა სპორტსმენმა ექვსიდან ხუთი ცდა გამოიყენა - აიტაცა 118, აკრა 146 კილო და ორჭიდში 264 კილოგრამით საქართველოს ნაკრებს 6 სალიცენზიო ქულა მოუტანა.

62 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ჩრდილოკორეელი გუკ კიმ უნი (324 კგ.) გახდა, კვარცხლბეკზე კი ინდონეზიელი ეკო იული ირავანი (316) და ჩინელი ჯიანჯუნ დინიც (312) ავიდნენ.

ალმათიში საკუთარ ძალებს კიდევ ხუთი ქართველი სპორტსმენი მოსინჯავს.

11 ნოემბერს ფიცარნაგზე ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი და ახალგაზრდებში კონტინენტის ორგზის მეორე პრიზიორი გიორგი ლომთაძე (77 კგ) გავა.

14 ნოემბერს ნაკრების კიდევ ერთი დებიუტანტი, ნიკა ნანაძე (94) იასპარეზებს. 15 ნოემბერს 105 კილოში საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი - ალბერტ კუზალოვი და გია მაჭავარიანი გამოვლენ, ხოლო შეჯიბრების ბოლო დღეს - 16 ნოემბერს თავის მეტოქეებს მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე შეეჯიბრება.

 

<< დაბრუნება 2014-11-11