ყაზახეთის ქალაქ ალმათიში დამთავრდა ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საპრიზო ადგილებისთვის 72 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდა.
აზიურ ფიცარნაგზე საკუთარი ძალები საქართველოს ექვსმა ათლეტმა მოსინჯა. ყველაზე წარმატებულად მძიმე წონაში (+105) ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ იასპარეზა: მან 195 კილო აიტაცა და 227 კილო აკრა, ორჭიდში 422 კილოგრამი მოაგროვა და მე-6 ადგილი დაიკავა.
უმძიმეს წონით კატეგორიაში ჩემპიონი რუსი რუსლან ალბეგოვი (462 კგ) გახდა, ვერცხლის მედალი ირანელ ბეჰდად სალიმიკორდასიაბის (457 კგ) ერგო, ბრინჯაო კი – ეგვიპტელ მოჰამედ ეჰშან ატია მასუდს (436 კგ).
მანამდე, 105 კგ-ში გია მაჭავარიანი 23-ე ადგილზე გავიდა, ალბერტ კუზილოვმა კი აკვრაში სამივე ცდა გააფუჭა და საერთო შედეგი ვერ დააფიქსირა, შეუფასებელი დარჩა გილორგი ლომთაძეც (77 კგ).
95 კილოგრამ წონით კატეგორიაში 22-ე ადგილზე გავიდა ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი ნიკა ნანაძე. რამინ შამილიშვილმა (62 კგ) კი მე-20 ადგილი დაიკავა და გუნდს 5 ქულა შესძინა.
სულ საქართველოს ნაკრებმა 29 ქულას მოუყარა თავი და 26-ე ადგილზე გავიდა, რაც გუნდს რიოს 2016 წლის სამი ლიცენზიის მოპოვების შანსს უნარჩუნებს.
ალმათიში გუნდური პირველი ადგილი 139 ქულით ჩინელებმა დაიკავეს. მეორე-მესამე ადგილები მასპინძლებსა (136 ქულა) და კორელეებს (135 ქულა) ერგოთ.
<< დაბრუნება | 2014-11-17 |