სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ნიკა ნანაძე - ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი საუკეთესო ძალოსანი

ნიკა ნანაძე - ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი საუკეთესო ძალოსანი

ნიკა ნანაძე ბორჯომის სკოლა-ლიცეუმში დადიოდა და სწავლასთან ერთად რაგბის, კარატესა და ცეკვას ეუფლებოდა. მოგვიანებით, გაუჩნდა სურვილი, რომ შტანგას დაუფლებოდა. მამამ, ილია ნანაძემ საკუთარი სახლის მანსარდაში სპეციალური სავარჯიშო ოთახი მოუწყო და შტანგებიც შეუძინა. მამის მეთვალყურეობით ნიკა 4-5 თვე განუწყვეტლივ ვარჯიშობდა. შემდეგ პროფესიონალმა შტანგისტმა შეამჩნია, რომ ნიკას განსაკუთრებული სპორტული მონაცემები ჰქონდა და 2007 წელს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში მიიყვანა, სადაც 16 წლის სპორტსმენს სასინჯი ვარჯიშები საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელმა ზურა ანთაურმა ჩაუტარა.

2008 წლის 14 მაისს ნიკამ საქართველოს პირველობაზე იასპარეზა და 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში 17 წლამდე ასაკის კადეტთა შორის მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს ამავე შეჯიბრებაზე 20 წლამდე ასაკში მეოთხე ადგილზე გავიდა (85 კგ). რუსთავში გოგოლაურის სახელობის ტურნირზე კი, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

2010 წლის თებერვალში ნიკა ნანაძემ (94 კგ) ბრწყინვალედ იასპარეზა დედაქალაქის პირველობაზე, მან ყველა მეტოქე უკან ჩამოიტოვა და ჩემპიონი გახდა. ამავე წლის 15 აგვისტოს ქუთაისში გამართულ საქართველოს პირველობაზე იუნიორთა შორის უმაღლეს კვარცხლბეკზე ავიდა.

2014 წელს 23 წლის სპორტსმენმა დუშეთის კულტურის სახლში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძალოსანთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი საუკეთესო ძალოსნის ტიტული დაიმსახურა.

თავად ნიკა თვლის, რომ ატაცშიც და აკვრაშიც თანაბარი მიღწევები აქვს, ცოტა ემოციურია, დაბნეულობაც ახასიათებს, თუმცა თანატოლთა შორის რომ  ყველაზე უძლიერესია, თავადაც კარგად გრძნობს. მისი ძირითადი გულშემატკივარი მამაა.

 

<< დაბრუნება 2014-12-16