სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში რეკორდი დაამყარა

ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში რეკორდი დაამყარა

7-8 თებერვალს "მძლეოსნობის სასახლეში" გაიმართა ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში, რომელშიც საქართველოს 13 რეგიონის, ასევე ლატვიისა და უზბეკეთის 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრის ჩატარების ორგანიზატორი საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია იყო.

ვაჟებს შორის დღის საუკეთესო შედეგი ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ბაჩანა ხორავამ აჩვენა, რომელმაც საქართველოს რეკორდი დაამყარა - სიგრძეზე ხტომა 7.94 მ. სიგრძეზე ხტომაში თავი გამოიჩინა საბა კურდღელიამაც. მან მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ნორმატივი - 7.27 მ შეასრულა.

გოგონებში საქართველოს აბსოლუტური რეკორდი ნინო წიქვაძემ (უროს ტყორცნა, 50 მ) დაამყარა, ჭოკით ხტომაში საქართველოს კი - დიანა ზოლოტუხინამ (3.10 მ). საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის განცხადებით, ორივე გოგონა 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე - "თბილისი 2015" საქართველოს წარადგენს.

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა კიდევ სამი გამარჯვება მოიპოვეს. უროს ტყორცნაში ჩემპიონი გოგა ჭიხვირია გახდა - 52.40 მ. 400 მეტრზე სირბილში პირველი ადგილი დენის ჟვანიამ დაიკავა, 1500 მეტრზე სირბილში კი პირველობა არავის დაუთმო თენგიზ ღვინჯილიამ.

 

<< დაბრუნება 2015-02-08