ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ცენტრის 24 სპორტსმენი გაემგზავრა
26 აგვისტოს, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ოლიმპიური ცენტრის 24 სპორტსმენი გაემგზავრა, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.
ბანაკში მონაწილეობენ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათი შერჩევა მოხდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით. წელს, ბანაკები მასპინძლობენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და
პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს.
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გამართავენ: ინტერაქტიულ-საგანმანათლებლო შეხვედრებს, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს, მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრებს, სპორტულ ოლიმპიადასა და ტურნირებს. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია, ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის, ბანაკების მართვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სპორტსმენებს ვუსურვებთ აქტიურ და ნაყოფიერ დასვენებას!