სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველმა ძიუდოისტებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სლოვენიაში გამართული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა ძიუდოსიტებმა, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენები ლევან გუგავა (73 კგ.) და უშანგი მარგიანი (81 კგ.), ფინალში საბერძნეთის გუნდს 4:1 სძლიეს. 

საქართველოსა და საბერძნეთის ფინალური დაპირისპირება ქართველებისთვის არასასურველი სცენარით დაიწყო – გელა კელიხაშვილი (66 კგ.) ახალგაზრდებს შორის ევროპის სამგზის ჩემპიონ გეორგიოს აზოიდისთან გაფრთხილებებით დამარცხდა. ანგარიში ფრიდონ გიგანმა (73 კგ.) რომან მუსტოპულოსის ძლევით გაათანაბრა. უშანგი მარგიანმა (81 კგ.) კი ტიტულოვანი მეტოქე წუთნახევარში ვაზარზე დააგდო და უპირატესობა საფინალო სირენამდე მშვიდად შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გამნაღდებელი ქულა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) მოუტანა. სპორტსმენმა გეორგიოს მალიაროპულოსი ვაზარზე წუთნახევარში დააგდო და შებოჭა. საბოლოო ანგარიში ლევან მიტიაშვილმა (100 კგ.) – 4:1 დავიდ კარაკლიდისთვის სუფთა გდების ეფექტურად შესრულებით დააფიქსირა.

გია გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა ქართველი ძიუდოისტების დაუმარცხებლობის ტრადიცია გააგრძელა და ქართველმა სპორტსმენებმა სლოვენიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაასრულეს.

 

<< დაბრუნება 2013-10-28