საქართველოს ჩემპიონმა ძიუდოში ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ.) ტოკიოს 2013 წლის „გრანდ-სლემზე“ იასპარეზა და იაპონიის ტატამზე ორჯერ გავიდა. ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი შეჯიბრებაში წარმატებით ჩაერთო, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.
ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველ წრეში ჰონგკონგელ იუკ ტინგ ლის ვაზარი და იუკო აუღო, ხოლო შეხვედრის მიწურულს შებოჭა. გამოცდილ სამხრეთკორეელ სპორტსმენთან, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ვონ ჩინ კიმთან კი ვეღარას გახდა. ქართველი ძიუდოისტის მეტოქემ გამართული ტაქტიკური ჭიდაობის ხარჯზე, ოთხი შიდოთი იმარჯვა.
საერთაშორისო ტურნირში ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.) ფრიდონ გიგანი (73 კგ.) და უშანგი მარგიანიც (81 კგ.) ჩაერთვნენ. ამ უკანასკნელმა ყაზახ დაულეტხან ჟაკიპოვს ვაზარით აჯობა, მაგრამ მერვედფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა. იმავე მეტოქეს შეხვდა ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომელმაც ფინალურ ბრძოლაში ეფექტური იპონის შესასრულებლად ტრევის სტივენსს 36 წამი აკმარა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
„გრანდ-სლემის“ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტაკანორი ნაგასე ავიდა, რომელმაც ფინალში ფრანგი ლუის პიეტრი დაამარცხა.
1 დეკემბერს ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ.), ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ.), ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ.) გავლენ.
იაპონიაში ჩასულ ქართულ დელეგაციაში ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ნოდარ მეტრეველი და ადამ ოქრუაშვილიც არიან, რომლებიც ტურნირის შემდგომ ერთობლივ წვრთნებში ჩაერთვებიან.
http://www.youtube.com/watch?v=TGQIbKRKE2g&feature=youtu.be
http://www.youtube.com/watch?v=liK2yEn-j5E&feature=youtu.be
<< დაბრუნება | 2013-11-30 |