ყაზახეთის ქალაქ ტემირტაუში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი ვანო ხუბაშვილი (55 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო გუგა გოგიტიძემ (66 კგ) მეორე ადგილი დაიკავა. ახალგაზრდა ძიუდოისტები ქვეყნის დამსახურებულმა მწვრთნელმა ვაჟა ბალხამიშვილმა მოამზადა.
საქართველოს დროშის ქვეშ ყაზახურ ტატამზე სულ 14 ძიუდოისტი გავიდა. თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენებმა სამი-სამი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს უმცროს კადეტთა ნაკრების წევრებიდან ტურნირზე წაუგებლად იასპარეზეს ვანო ხუბაშვილმა (55 კგ), რობიზონ ბეგლარაშვილმა (60 კგ) და ნინო მგელაძემ (52 კგ), რომელიც ქართველ სპორტსმენთაგან ერთადერთი გოგონა იყო.
ზურაბ კახნიაშვილი (50 კგ), ვანო მახათაძე (60 კგ) და გუგა გოგიტიძე (66 კგ) ფინალში დამარცხდნენ. თემურ ნოზაძემ (55 კგ), გოგა ქევხიშვილმა (73 კგ) და ამირან წიქორიძემ (+73 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ტურნირში, რომელიც 1998-2000 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა, 7 ქვეყნის -ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და საქართველოს სამასამდე ძიუდოისტმა იასპარეზა.
<< დაბრუნება | 2014-10-29 |