საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2014 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ძიუდოისტი ლევან გუგავა (81 კგ) საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანმა აღნიშნული ტიტული უკვე მეორეჯერ მოიპოვა. სხვადასხვა წლებში ლევან გუგავას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯამში - სამი, ხოლო ევროპის ჩემპიონატებზე ხუთი მედალი აქვს მოპოვებული.
ლევან, რამდენი წლის იყავი, როცა ძიუდოში ვარჯიში დაიწყე?
ვარჯიში 11-12 წლის ასაკიდან დავიწყე, მანამდე მშობლებთან ერთად სვანეთში ვცხოვრობდი, ლენტეხში. სპორტული პირობების არარსებობის გამო, საცხოვრებლად ქუთაისში გადავედი და ოთხი წელი იქ ვვარჯიშობდი.
ოლიმპიურ ცენტრში როდის მოხვედი?
ქუთაისში წარმატებებს მივაღწიე - ჭაბუკთა ნაკრების წევრი ვიყავი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი გავხდი, ბავშვთა ოლიმპიადაზეც წარმატებულად ვიასპარეზე და არაერთი ჯილდო მოვიპოვე სხვადასხვა ტურნირებზე. მწვრთნელმაც და მეც გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისში მეტის პერსპექტივა აღარ იყო და ესე აღმოვჩნდი გლდანის ოლიმპიურ ცენტრში.
რაში დაგეხმარა ოლიმპიური ცენტრი?
ცენტრმა, რა თქმა უნდა აღზრდისა და განვითარების საშუალება მომცა. კარგი კვება და სავარჯიშო პირობები ერთ-ერთი მთავარი სტიმულია სპორტსმენისათვის და ოლიმპიური ცენტრი ყოველ წელს ცდილობს, ეს პირობები გააუმჯობესოს.
რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სპორტული წარმატება?
ვფიქრობ, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება 2014 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგი იყო. ანალოგიური შედეგები აქამდეც მქონდა, შარშან ევროპაზე ვერცხლის მედალიც ავიღე, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ პირველივე წელს, როგორც კი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავედი, აღნიშნულ შედეგებს მივაღწიე, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა.
რა გაძლევს სტიმულს, რომ იშრომო და იმუშაო შენს თავზე?
ჩემი სტიმული, პირველ რიგში, ჩემი ოჯახია, თავიდანვე ძიუდოზე მამაჩემმა შემიყვანა, მან მირჩია და ჩემი წარმატებებიც მისი დამსახურებაა.
ძიუდოს გარდა, სხვა სპორტის სახეობები თუ გიყვარს?
კი, ალბათ, როგორც ყველა ბავშვს, მეც ფეხბურთი მიყვარდა. ყველა სპორტი კარგია, მაგრამ ფეხბურთს, ფრენბურთს, რაგბბისა და კრივს გამოვარჩევდი.
დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
<< დაბრუნება | 2014-12-11 |