7 თებერვალს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის უფასო სექციაზე მოსიარულე 60-მდე ბავშვს ძიუდოს იაპონურ ტერმინოლოგიაში ერთთვიანი მზადების შემდეგ გამოცდა ჩაუტარდა. სპორტსმენებს კი, რომლებმაც შესაბამისი ცოდნა გამოავლინეს, ყვითელი ქამრები და დიპლომები გადაეცათ.
ძიუდოს ენის სწავლების საქართველოში დანერგვის ინიციატივა ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ გოჩა ბერაძეს ეკუთვნის, რომლის მიზანს ძიუდოისტთა პროფესიონალიზმის ამაღლება და სპორტსმენთა ცოდნის საერთაშორისო დონესთან მიახლოვება წარმოადგენს.
ყვითელი ქამრის გამოცდისთვის ძიუდოისტების მომზადებაში გოჩა ბერაძეს დახმარება ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელებმა - ვაჟა ბალხამიშვილმა, დავით შეშაბერიძემ და მალხაზ შეშაბერიძემ გაუწიეს, რომლებიც სპორტული განყოფილების ხელმძღვანელ ნოდარ მებაღიშვილთან ერთად საგამოცდო კომისიის წევრებიც იყვნენ.
გოჩა ბერაძემ ძიუდოს იაპონური ტერმინოლოგია საბერძნეთში სპორტული მოღვაწეობის დროს შეისწავლა და სამომავლოდ, სურს, რომ აღნიშნული სწავლება, ევროპის ქვეყნების მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგოს. ასევე - ქართველი ძიუდოისტებისთვის მინიჭებული ქამრის ფერი ზემოთ ხსენებული გამოცდების ჩატარების შედეგად განისაზღვროს.
<< დაბრუნება | 2015-02-07 |