მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 6 ივლისს თავისუფალი სტილით მოჭიდავე როლანდ ანდრიაძემ (96 კგ.) მიიღო მონაწილეობა, რომელმაც კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა თუმცა, სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში ანდრიაძემ ბრძოლა თურქ ალი ბონჩელოუსთან წააგო, შემდეგ კი ბულგარელი ბილგინ ინდრიზოვ იუმეროვს მოუგო. სპორტსმენი საბოლოოდ სომხეთის ნაკრების წევრ ვიქტორ კაზიშვილთან დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა და მეხუთე ადგილის მფლობელი გახდა.
შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოჭიდავე ლაშა გიგაშვილმა (74 კგ.) მოიპვა. მან ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წარმომადგენელთან, ხახიბ ბატიროვთან წაგებით დაკარგა. მანამდე კი უკრაინელ დიმიტრი ტკაჩენკოსა და ბულგარელ ჰუსეინ აჰმედს სძლია.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების მფლობელები ჯერ ოთხ: 50, 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ოთხი სპორტსმენი: როლანდ ანდრიაძე, ლაშა გიგაშვილი, ნიკა ტატუაშვილი (50 კგ.) და შოთა ფარტენაძე (60 კგ.) იღებდა მონაწილეობას.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 7 ივლისს მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. თავისუფალ სტილში საქართველოს სახელით ბექა ბუჯიაშვილი (55 კგ.), დავით ბუზიაშვილი (66 კგ.), ლევან გოგრიჭიანი (84 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ.) იჭიდავებენ.
<< დაბრუნება | 2013-07-07 |