3-4 აგვისტოს სომხეთის ქალაქ ვანაძორში მსოფლიოს ჩემპიონ სტეფან სარგისიანის სახელობის ტურნირი გაიმართა, სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი სანოძემ (74 კგ.) და ზურაბ ახობაძემ (96 კგ.) მიიღეს მონაწილეობა. ორივე სპორტსმენმა საქართველოს სახელით ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. გიორგი სანოძე ძირითად ბადეში საწყის ეტაპზევე ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ამერიკელ ჯორდან ბაროუზს დაუპირისპირდა და მასთან ლამაზ ბრძოლაში დამარცხდა. 96 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში კი ახობაძემ თანაგუნდელ ომარ გუსოშვილს სძლია და მისი მეტოქე მეხუთე ადგილს დასჯერდა.
სომხეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა 12 ქართველმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. პირველივე დღეს რევაზ მინდორაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაფიქსირდა.
გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ.) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ.) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. დავით მარსაგიშვილი (84 კგ.) ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ლევან ქელეხსაშვილმა (66 კგ.) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ.) მესამე ადგილები დაიკავეს. ტურნირის მეორე დღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ.) გიორგი სანოძესა და ზურაბ ახობაძის მედლებს თავისი წილი ბრინჯაო მიამატა. ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მან ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ბესიკ კუდუხოვთან წაგებით დაკარგა.
სტეფან სარგისიანის მემორიალი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო შეჯიბრება იყო. სეზონის უმთავრესი ტურნირი კი 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გაიმართება და მანამდე ქართული გუნდი ორ შეკრებას გაივლის.
კვარცხლბეკი:
55 კგ. 1. გიორგი ედიშერაშვილი (საქართველო), 2. ანგელ ეკობედო (აშშ), 3. მიგრან ჯაბურიანი და ოგან გიკინიანი (ორივე – სომხეთი);
60 კგ. 1. აშოტ ტერტერიანი (სომხეთი), 2. ბესიკ კუდუხოვი (რუსეთი), 3. ლადო ხინჩეგაშვილი (საქართველო) და ბაზარ ბაზარგურუევი (ყირგიზეთი);
66 კგ. 1. ბრენტ მეტკლაფი (აშშ), 2. ულუკმან მამტოვი (ყირგიზეთი), 3. ლევან ქელეხესაშვილი (საქართველო), ნარეკ სირუნიანი (სომხეთი);
74 კგ. 1. ჯორდან ბარუზი (აშშ), 2. აცამაზ სანაკოევი (რუსეთი), 3. გიორგი სანოძე (საქართველო), ინოკენტი ინოკენტევი (ყირგიზეთი).
84 კგ. 1. კლეიტონ ფორსტერი (აშშ), 2. დავით მარსაგიშვილი (საქართველო), 3. რაშიდ ყურბანოვი (უზბეკეთი), კრის პერი (აშშ).
96კგ. 1. საიდ ტავკოლი (ირანი), 2. ედგარ ენოკიანი (სომხეთი), 3. ზურაბ ახობაძე (საქართველო), ვლადისლავ ბაიცაევი (რუსეთი).
120 კგ. 1. გიორგი საკანდელიძე (საქართველო), 2. ალენ ზასეევი (უკრაინა), 3. დავით მოძმანაშვილი (საქართველო), აიალ ლაზარევი (ყირგიზეთი).
<< დაბრუნება | 2013-08-04 |