საქართველოს ჩემპიონატის პირველი დღე დავით მარსაგიშვილმა (84 კგ.) გამარჯვებით დაასრულა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ტიტული ისე მოიგო, რომ მოწინააღმდეგებისთვის ერთი ქულაც არ დაუთმია. მარსაგიშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და რევაზ ივანიშვილს 8:0-ით გასცდა, მარად ზოიძეს კი 7:0 აკმარა. ნახევარფინალში გოჩა ლომთათიძეს ზუსტად ერთ წუთში დაამარცხა (8:0). გადამწყვეტ ბრძოლაში კი ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრებ, ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორ ლევან გოგრიჭიანს 48 წამში 8 ქულა აუგროვა.
საქართველოს ოლიმპიურ ცენტრში აღზრდილმა სპორტსმენმა გიორგი მეშვილდიშვილმა 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ლევან გოგრიჭიანმა (84 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპვა.
დღის მთავარი ბრძოლა, მოლოდინისამებრ, მძიმე წონის ფინალი გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელმა უმაღლეს წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაისაკუთრა.
55 კილოგრამში გიორგი ედიშერაშვილი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ისე ავიდა, რომ მცირე წინაღობასაც კი არ წაწყდომია. უმსუბუქეს წონაში სპორტსმენმა ნაირ ჰარუთინიანს, ლაშა ტალახაძესა და ბექა ბუჯიაშვილს ერთნაირი ანგარიშით – 7:0 აჯობა.
ფინალური ბლოკის შეხვედრების დაწყებამდე სპორტკომპლექს “არენაში” საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელიც ანსამბლმა “ერისიონმა” გაალამაზა. ფედერაციის ხელმძღვანელობამ ტიტულოვანი ვეტერანი სპორტსმენები მიხეილ სალაძე, ზარიბეგ ბერიაშვილი, გურამ საღარაძე, ვახტანგ ბალავაძე, ლევან თედიაშვილი, ომარ ბლიაძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები დავით დავითაია, ბიჭიკო შელია, მიხეილ თავართქილაძე და ფოტოკორესპონდენტი ალექსანდრე კოტორაშვილი სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
საქართველოს ჩემპიონატს გერმანიისა და ირანის ჭიდაობის ფედერაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
8 დეკემბერს ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ სამ წონაში: 60, 74 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
თავისუფალი ჭიდაობა, საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი, 7 დეკემბერი
55 კგ
1 გიორგი ედიშერაშვილი (აჭარა)
2 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)
3 ოთარ გოგავა (ხონი)
66 კგ
1 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
2 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)
3 ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
3 მალხაზ ქურდიანი (ბოლნისი)
84 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
2 ლევან გოგრიჭიანი (თბილისი)
3 გოჩა ლომთათიძე (თბილისი)
3 ნოდარ ეგაძე (გორი)
120 კგ
1 დავით მოძმანაშვილი (გურჯაანი)
2 გენო პეტრიაშვილი (გორი)
3 ტარიელ ლაბაძე (რუსთავი)
3 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)
<< დაბრუნება | 2013-12-08 |