სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მანუჩარ ცხადაიამ სეზონი ოქროს მედლით გახსნა

მანუჩარ ცხადაიამ სეზონი ოქროს მედლით გახსნა

ვაკის ფალავანთა კლუბში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ოლიმპირი რეზერვების ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორმა, მანუჩარ ცხადაიამ  71 კილოგრამ წონით კატეგორიაში  ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში მინდია წულუკიძე დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები ნუკრი შავაძე და გიორგი ჯავახია გახდნენ.

80 კილოგრამში ჩემპიონი მოჭიდავე გიორგი ცირეკიძე გახდა. სპორტსმენმა გადამწყვეტი გამარჯვება ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ლაშა გობაძესთან მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილები თორნიკე ძამაშვილმა და გიორგი დათუნაშვილმა დაიკავეს.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა რამდენიმე კვირის წინ საჭიდაო წესებსა და წონით კატეგორიებში, ასევე სატურნირო ფორმატში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 2014 წლის სეზონიდან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში მედლების რვა-რვა კომპლექტი გათამაშდება.

აქამდე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები 55, 60, 66, 74, 84, 96 და 120 კილოგრამებში ვლინდებოდნენ. ახალი წესების თანახმად კი წონები შემდეგნაირად დაინომრა: 59, 66, 71, 75, 80, 85, 98 და 130 კგ.

„ფილას“ ხელმძღვანელის აზრით, სიახლეები ჭიდაობას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება: “ჩვენ ძირეული ცვლილებები მოვახდინეთ, მაგრამ ეს ნაბიჯი ჭიდაობის უკეთესი მომავლისთვის გადავდგით. დარწმუნებული ვარ, ახალი წესები სანახაობრივ მხარეს გაცილებით გააუმჯობესებს. ამასთან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციაც გავითვალისწინეთ და წონით კატეგორიებსაც გადავხედეთ. ცვლილებები „ფილას“ ტექნიკური კომისიის წევრების დაუღალავი შრომის შედეგია და ამისთვის თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო”.

 

<< დაბრუნება 2014-01-11