სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გიორგი მეტრეველი ევროპის ჩემპიონატზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა

გიორგი მეტრეველი ევროპის ჩემპიონატზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა

ესპანეთის ქალაქ კასერესში 10-14 აპრილს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებებმა იასპარეზეს. შეჯიბრებაში მონაწილე 22 ქართველი სპორტსმენიდან 19-მა - მედალი მოიპოვა.

ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპირველობა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა გიორგი მეტრეველმა (65 კგ), მასთან ერთად ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: ირაკლი კუპატაძე (52 კგ), თორნიკე მახათაძე (70 კგ) და ირაკლი გოგია (87 კგ).

ვერცხლის მედლის მფლობელები კობა მჭედლიშვილი (75 კგ) და ჯაბა მუმლაძე გახდნენ  (+87 კგ), ხოლო ბრინჯაო დავით წურწუმიამ (60 კგ) მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე განსაკუთრებულ წარმატებას ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიაღწია, რომელიც 10 ვაჟით და 2 გოგონათი იყო დაკომპლექტებული. ვაჟებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ლერი ჭელიძე (57 კგ), ლაშა პარასკებაშვილი (62 კგ), მიხეილ მეზურნიშვილი (82 კგ) და ზაურ მამარდაშვილი (90 კგ) ავიდნენ. გიორგი მელქუაშვილმა (48 კგ), ლერი ბედინაძემ (52 კგ), თორნიკე ჭოველიძემ (68 კგ) და რევაზ წულუკიძემ (100 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს, ომარ ნიაზაშვილი (74 კგ) და გიორგი ლაზუაშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

გოგონების ნაკრების ორივე წევრი: სალომე აბაშიძე (56 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ჭაბუკთა ნაკრებს (1996-1997 წლებში დაბადებულები) მირიან პავლიაშვილი ავარჯიშებდა, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებს (1994-1995 წლებში დაბადებულები) - ავთანდილ ცინცაძე.

ორივე ნაკრები დასკვნით მოსამზადებელ შეკრებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამბოს დარბაზში გადიოდა.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველთა წარმატებასთან დაკავშირებით 17 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სამბოს ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე მედიასთან სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა - სოსო ლიპარტელიანმა, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი დოლაბერიძემ და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა - ავთანდილ ცინცაძემ და მირიან პავლიაშვილმა ისაუბრეს.

 

წყარო: worldsport.ge

<< დაბრუნება 2014-04-22