იაკუტსკში გამართულ დიმიტრი კორკინის ხსოვნის VII საერთაშორისო ტურნირში ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა მოჭიდავე გიორგი მეშვილდიშვილმა (120 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მეშვილდიშვილმა (120 კგ) ფინალში ირანელი პოია რახმანი 9:6 დაამარცხა. მანამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენმა მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ვასილ კუტუკოვს მოუგო.
ქართველ მოჭიდავეთა ხუთკაციანი გუნდიდან მედლის მოპოვება მოახერხა თორნიკე ხიდაშელმაც (120 კგ), რომელიც მესამე ადგილს დაეუფლა. ხიდეშელმა პირველ შეხვედრაში უნგრელი რიხარდ ჩერჟიკი დაამარცხა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი თურქ ცოზენ იალცინს 5:4 მოუგო.
დანარჩენ სპორტსმენთაგან სანუგეშო წრეში მხოლოდ გიორგი ჩხარტიშვილი (86 კგ) გადავიდა, ხოლო 70 კილოგრამში ორივე ქართველი მონაწილე დასაწყისშივე დამარცხდა - პაატა ნოზაძემ პოლონელ არკადიუშ სცეჟასთან წააგო, ომარ გურჯიძემ - სომეხ გაიკ კარაპეტიანთან.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე წელიწადია, ამ შეჯიბრებაზე მძიმე წონით კატეგორიაში ქართველები იმარჯვებენ - შარშანწინ ოქროს გიორგი საკანდელიძე დაეუფლა, შარშან - დავით მოძმანაშვილი.
<< დაბრუნება | 2014-10-07 |