ბულგარეთის ქალაქ რუსეში 23-წლამდე მოჭიდავეთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა შოთა ფარტენაძემ (61 კგ) და დავით ბუზიაშვილმა (70 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს!
შოთა ფარტენაძემ (61 კგ) პირველ ორ შეხვედრაში რუმინელ დავიდ დობრეს და მაკედონიელ რაფიკ კამბერს სძლია, შესაბამისად 10-0 და 12-2, ნახევარფინალში რუს იმამ აჯიევთან 1-6 დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოსთვის მოლდაველ მიხაელ ესანუს 8-0 მოუგო.
დავით ბუზიაშვილი (70 კგ) პირველივე შეხვედრაში მომავალ ფინალისტ აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად ომარვთან 2-4 დამარცხდა და სანუგეშო წრეში გადაერთო, სადაც 5-1 მოლდაველ ნიკოლაი ჩირეაკოვს მოუგო, ბრინჯაოს მედლისათვის კი უკრაინელ ვასილ მიხაილოვს იოლად გაუსწორდა 8-0.
მთლიანობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა თითო ოქრო-ვერცხლით, სამი ბრინჯაოს მედლითა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.
ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა. ვერცხლის მედალი ირაკლი მწითურმა (86 კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს შოთა ფარტენაძე (61 კგ), დავით ბუზიაშვილი (70 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) დაეუფლნენ.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 54 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე 64 ქულით რუსეთი გავიდა, ხოლო მესამეზე თურქეთი - 51 ქულით.