სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის 4-5 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა იასპარეზეს: პირველ დღეს ხალიჩაზე 42, 50,58, 69 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავნები გავიდნენ და ხუთივე წონაში მედლები მოიპოვეს.
ოქროს მედლები თორნიკე ქათამაძემ (42 კგ), ალეკო ლომიძემ (58 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ივერი ჯულაყიძემ (69 კგ) მოიპოვეს, ხოლო თეიმურაზ ვანიშვილმა (50 კგ) და ბექა ჭელიძემ (85 კგ) - ბრინჯაოს მედლები.
თორნიკე ქათამაძემ (42 კგ) ფინალურ შეხვედრაში თურქი დოგან კარა დაამარცხა, ლეკო ლომიძემ (58 კგ) ასევე თურქ მუამე კილიჩს სძლია, ივერი ჯულაყიძემ (69 კგ) კი რუს ადამ მალაევს მოუგო.
5 აგვისტოს შეხვედრები დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში გაიმართა: საქართველოს სახელით გიორგი ხაჩიძემ (46 კგ), ვანო გოდელაშვილმა (54 კგ), თორნიკე კვინიკაძემ (63 კგ), დემურ მეგენეიშვილმა (76 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ზურაბ ურთაშვილმა (100 კგ) იასპარეზეს.
გიორგი ხაჩიძემ (46 კგ) და დემურ მეგენეიშვილმა (76 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, თორნიკე კვინიკაძემ (63 კგ) და ზურაბ ურთაშვილმა (100 კგ) კი მესანმე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. გუნდურ ჩათვლაში ქართველებმა 83 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და დიდი უპირატესობით გაასწრეს თურქეთისა და რუსეთის ნაკრებებს.
<< დაბრუნება | 2015-08-06 |