6 ოქტომბერს „შევარდენის" რაგბის სანაკრებო ბაზაზე, მსოფლიოს თასზე წარმატებით მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერი მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა, მინისტრებთან და ვეტერან მორაგბეებთან ერთად, ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმაც მიიღო.
წითლები და შავები, ასე განაწილდნენ გუნდები, რომლებიც ქართველი რაგბისტების საგულშემატკივროდ შეიკრიბნენ. წითლების გუნდს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი წარმოადგენდა, ხოლო შავებს - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
შეხვედრა ფრედ 5:5 დასრულდა, სამახსოვრო თასები ორივე გუნდის შემადგენლობაში მოთამაშე მინისტრებს გადაეცათ, სპეციალური პრიზი გამძლეობისათვის კი ვეტერან მორაგბეს - ავთო ღიბრაძეს ერგო.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები - ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პარლამენტარი ირაკლი ტრიპოლსკი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, ასევე სხვადასხვა სამინისტროების და რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
მატჩის დაწყებამდე "სუხიშვილებმა" "შევარდენის" სტადიონზე მისულ გულშემატკივარს საცეკვაო ფლეშმობი შესთავაზეს, შეხვედრაზე იმყოფებოდა ცნობილი მომღერალი ნინო სურგულაძეც მისი საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად.
მატჩის კომისარი დავით კიღურაძე გახლდათ, მსაჯი მალხაზ კოროშინაძე, ხოლო კომენტატორი ნიაზ მამრიკიშვილი.
შეხვედრის ორგანიზატორმა მინისტრებმა, ვეტერანებმა და გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრებს 7 ოქტომბრის მნიშვნელოვანი მატჩის წინ წარმატება უსურვეს. საქართველოს ნაკრები დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას 7 ოქტომბერს ნამიბიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" საუკეთესო 12 ნაკრებს შორის მოხვდებიან და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურს გაინაღდებენ. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
<< დაბრუნება | 2015-10-07 |