14 ნოემბერს 12 საათზე საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადისათვის მზადების დაწყებასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გაიმართება, რომლის მიზანს ახალგაზრდებში ოლიმპიური სპორტის სახეობების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, გამოჩენილი სპორტსმენები, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და ჟურნალისტები დაესწრებიან.
ოლიმპიური ცენტრის ორგანიზებით, ღია კარის დღეზე მოსული მოსწავლეები და ჟურნალისტები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ფეხბურთის მატჩიც გაიმართება, რომელშიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც ჩაერთვება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობას ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები და მოწვეული სტუმრები მიიღებენ. სპორტსმენები ხეებს წარმატებული ქართველი სპორტსმენების სახელზე დარგავენ, რასაც სამომავლოდ ტრადიციული სახე მიეცემა.
აღსანიშნავია, რომ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის ოლიმპიური ცენტრის ბაზაზე ჭიდაობის, ძიუდოს, კრივის, ძალოსნობისა და მძლეოსნობის უფასო სექციებია გაიხსნილი, სადაც მისვლა 10-25 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა ხელმისაწვდომი. დღვანდელი მონაცემებით, გლდანის ოლიმპიურ ცენტრში 150 პროფესიონალი სპორტსმენი ცხოვრობს და ვარჯიშობს, ხოლო უფასო სექციებზე 300-მდე ახალგაზრდაა ჩართული.
<< დაბრუნება | 2015-11-11 |