სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, 14 იანვარს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა კალათბურთელებმა, ვეტერანმა და მოქმედმა სპორტსმენებმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა, სხვადასხვა ფედერაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა.
კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის მხარდასაჭერად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კალათბურთის ფედერაციასთან ერთად სპორტის სამყარო გააერთიანა.
ზაზას მხარდასაჭერ საკალათბურთო მატჩში მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ჩემპიონებმა ითამაშეს, მათ შორის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონმა ჭიდაობაში, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილეებთან აკაკი ლოდიასთან, შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს 8-გზის ფალავანმა ალექსი დავითაშვილმა, მსოფლიოს ჩემპიონმა ჭიდაობაში რამაზ ნოზაძემ, ევროპის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა, კანოეს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ, ვეტერანმა კალათბურთელებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნიკოლოზ დერიუგინმა, პაატა გურასპაულმა, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა და სხვებმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები - პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე, ასევე სხვადასხვა სპორტული ფედერაციების - ფეხბურთის, რაგბის, ძალოსნობის, კარატეს, უშუს, ხელბურთის, ფიგურული ციგურაობის და სხვა წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ქომაგები, ჟურნალისტები. ვეტერანთა გუნდის მწვრთნელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე გახლდათ, ხოლო სამინისტროს გუნდის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კანდელაკი.
მატჩი ფრედ - 47:47 დასრულდა, გაიმარჯვა ზაზა ფაჩულიასადმი საქართველოს სპორტის სამყაროს სოლიდარობამ.
<< დაბრუნება | 2016-01-20 |