სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
Wings for Life World Run 2016 -

Wings for Life World Run 2016 - "ვირბინოთ მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია"

“ვირბინოთ მათთვისაც, ვისაც ეს არ შეუძლია” – 8 მაისს საქართველო უკვე მესამედ შეუერთდა მსოფლიო რბენას.

წლევანდელი გამარჯვებული მამაკაცებში მოლდოველი ლივიუ კროიტორუ გახდა, რომელმაც 56 კილომეტრი დაფარა, ხოლო ქალებში 34 კმ იანა ხმელევამ ირბინა. “რბენა ძალიან კარგ გარემოში ჩატარდა. მსოფლიო რბენის შესახებ 3 დღის წინ გავიგე, აპლიკაცია შევავსე და ძალიან ბედნიერი ვარ” – განაცხადა მან.

პროექტი, ისევე როგორც 2014 და 2015 წლებში, წლეულსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. წლევანდელ რბენაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან და მინისტრის მოადგილეებთან შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად მონაწილეობა ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმაც მიიღო.

წლევანდელ მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 5695 ადამიანი და ორასამდე კომპანია დარეგისტრირდა, რაც აქამდე არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მორბენალი სწორედ ქართველი იყო: 93 წლის შოთა სამუშია, რომელმაც შარშან 3,5 კილომეტრი დაფარა.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში იწყებს მოძრაობას და 15კმ/სთ - 20კმ/სთ - 25კმ/სთ სიჩქარით დადის. თუ „ფინიშ მანქანა" მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება.

საქართველოში ზედიზედ მესამედ გამართული რბენის კეთილი ნების ელჩები ცნობილი სპორტსმენები იყვნენ: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი, სპრინტერი მაია აზარაშვილი, რომელიც ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორიც გახლდათ; საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი; ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი; ვეტერანი კალათბურთელები ვლადიმერ ბოისა და კოტე ტუღუში; ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე; ვეტერანი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი.

მიუხედავად სხვადასხვა ადგილობრივი დროისა და კლიმატური პირობებისა, მარათონი 6 კონტინენტის 33 ქვეყანაშივე ერთდროულად დაიწყო. სულ მონაწილეობა 100 000–ზე მეტმა მორბენალმა მიიღო.

 

<< დაბრუნება 2016-05-10