ზვიად პატარიძე სამგზის ჩემპიონია
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა. ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (50 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები რამაზ ზოიძე (66 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან ქავჟარაძემ (60 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს - დავით ჩხარტიშვილი (55 კგ) დაეუფლა.
ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა! - ორჯერ ახალგაზრდებში (2016, 2015 წ.) და ერთხელ ჭაბუკებში (2014 წ.) საფინალო გზაზე მან სამი მეტოქე ჩამოიშორა: მან რუმინელ ისტვან ბერეის 1:51 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 9:0 მოუგო, 17 წამი დასჭირდა პოლონელი რაფაელ პლოვიეჩის დასამარცხებლად, ნახევარფინალში თურქ ოსმან ილდირიმს 5:0 მოუგო, ფინალში კი რუს ნიკოლაი იზმაილოვს სძლია.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში რამაზ ზოიძემ ფინალამდე ოთხი მეტოქე დაამარცხა. მან ევროპის მოქმედ ჩემპიონ თურქ მურატ ფირატთან ბრძოლა 5:29 წუთში მოიგო, რუმინელი ემანუელ პალი ქულების აშკარა უპირატესობით 11:3 დაამარცხა, შემდეგ რუს გლებ ბატიანინს სძლია, ბულგარელი დევიდ დიმიტროვი კი, ორი 4-ქულიანი გდებით 26 წამში 8:0 დაამარცხა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 62 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე 50 ქულით რუსეთი გავიდა, მესამეზე კი აზერბაიჯანი - 48.