ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი ნიკა კენჭაძემ 22-23 აპრილს ესპანეთის ქალაქ ელჩეში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ეგიდით გამართულ საერთშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ახალგაზრა მოჭიდავეთა ნაკრებმა აღნიშნულ ჩემპიონატზე ჯამში 10 მედალი - 7 ოქრო და 3 ვერცხლი მოიპოვა. ქართველებმა შვიდივე წონით კატეგორიაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება, აქედან სამში კი ქართული ფინალები გაიმართა.
ტურნირის ჩემპიონები ასევე რამაზ თურმანიძე (55 კგ), თეიმურაზ ვანიშვილი (60 კგ), ივერიკო ჯულაყიძე (66 კგ), მირზა სხულუხია (74 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლები გოგა ძიგუამ (55 კგ), ედემი ბოლქვაძემ (66 კგ) და ზაურ ბერაძემ (84 კგ) მოიპოვეს.
55, 66 და 84 კგ კატეგორიების ფინალში რამაზ თურმანიძემ, ივერი ჯულაყიძემ და ნიკა კენჭაძემ თანაგუნდელები გოგა ძიგუა, ედემი ბოლქვაძე და ზაურ ბერაძე დაამარცხეს, თეიმურაზ ვანიშვილმა (60 კგ) მასპინძელ კარლოს გარსიას 14-2 მოუგო, მირზა სხულუხიამ (74 კგ) პოლონელი სებასტიან ბაკი 12-2 დაამარცხა, ევროპის ჩემპიონმა 23-წლამდელთა შორის გივი მაჭარაშვილმა და ზურიკო ურთაშვილმა (125 კგ) ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხეს ესპანელები ლოპეზ ფერნანდესი და დიეგო იგლესიას კუევასი.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 70 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე მასპინძელი ესპანეთი გაივდა 56 ქულით, მესამეზე პოლონეთი 33.
<< დაბრუნება | 2017-04-24 |