საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი მოინახულა და რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო მინისტრის პირველ მოადგილე იოსებ ბაღათურიასა და საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორ ბორის ფირცხელიანთან ერთად.
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ხელშეწყობით მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მოზარდ სპორტსმენთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციასა და ორი ახალი შენობის მშენებლობას მოიცავს. სპორტსმენების საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციასთან ერთად შენდება ძიუდოს ახალი დარბაზი და ორსართულიანი მულტიფუნქციური ახალი შენობა, სადაც კრივსა და სხვა სპორტის სახეობებში შესაძლებელი იქნება ახალგაზრდა ნიჭიერ სპორტსმენთა მომზადება. ცენტრში მომზადებას 120-ამდე განსაკუთრებული სპორტული მონაცემების მქონე ბავშვი უსასყიდლოდ შეძლებს როგორც დედაქალაქიდან, ასევე - რეგიონებიდან.
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტია 6 500 000 ლარი.
სპორტული ბაზა 1959 წელს გაიხსნა და იქ არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღიზარდა, თუმცა ცენტრის რეაბილიტაცია მისი გახსნის შემდეგ არ განხორციელებულა. მასშტაბური სამუშაოები სამინისტროს ხელმძღვანელობით 2023 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციაც.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა სპორტის სახეობის განვითარებისა და სპორტსმენთა ხელშეწყობისთვის.
<< დაბრუნება | 2024-03-11 |