სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურ ცენტრს ფეხბურთის უფასო სექცია დაემატა

ოლიმპიურ ცენტრს ფეხბურთის უფასო სექცია დაემატა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს ფეხბურთის უფასო სექცია დაემატა. ცენტრის დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით ფეხბურთელების სექცია 25 ადგილით განისაზღვრა.

ცენტრში მცხოვრებ ფეხბურთელებზე მზრუნველობას სხვა სექციებთან ერთად სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ითავებს. მათ განკარგულებაში იქნება ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მოედნები, მათ დაოსტატებაზე კი კვალიფიციური მწვრთნელები იზრუნებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოლიმპიურ ცენტრში შექმნილი ფეხბურთის საცდელი ჯგუფის სპორტსმენთა წარმატებებმა განაპირობა. ცენტრის აღზრდილი, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ფეხბურთელები როგორც სხვადასხვა საფეხბურთო სკოლების წამყვანი მოთამაშეები, ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ღირსეული წევრები არიან.

ფეხბურთელებმა: გაგი მარგველაშვილმა, ანრი არველაძემ, ჯემალ ტაბიძემ, ბექა ქურდაძემ და გიორგი თევზაძემ საქართველოს U19 და U17 ნაკრებთან ერთად წარმატებულად იასპარეზეს ევროპის შესარჩევ ტურში და მომავალი წლიდან თავიანთ ასაკობრივ ნაკრებებში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან ერთად, რუსლან ბედიევი მიწვეული U17 ნაკრებში, გიორგი ივანიაძე და თეიმურაზ ძაძამია კი U15 ასაკობრივ ნაკრებში.

<< დაბრუნება 2014-02-13